4 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში ოფიციალურად იწყება ახალგაზრდებისთვის შექმნილი ახალი საგანმანათლებლო პროექტი - ახალგაზრდა ელჩების პროგრამა - Youth Ambassadors Program, რომლის მიზანია მოტივირებული ახალგაზრდებისთვის დიპლომატიის სამყაროს აღმოჩენა, საერთაშორისო ურთიერთობების უკეთ გაცნობა და გლობალური ხედვის ჩამოყალიბება.
პროექტის პირველ ღონისძიებას გახსნის პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუს მაშკევიჩი. ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ბატონი ელჩი ისაუბრებს დიპლომატიის მნიშვნელობაზე მსოფლიო და ქართული კონტექსტში, შესაძლებლობებზე მათთვის, ვინც მომავალს დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში ხედავს. შეხვედრაზე ასევე განიხილება გაეროს როლი გლობალურ პროცესებში და საქართველო-პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობები.
ახალგაზრდა ელჩების პროგრამა მონაწილეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას შეხვდნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებსა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, მოისმინონ მათი პირადი გამოცდილება, ჩაერთონ დისკუსიებში გლობალურ და თანამედროვე საერთაშორისო საკითხებზე და გაიღრმავონ ცოდნა დიპლომატიაში, საერთაშორისო ურთიერთობებსა და პროფესიულ განვითარებაში.
პროექტი გრძელვადიანია და მის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ 15-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ელჩების მონაწილეობა, მათ შორის ევროკავშირის, ნორვეგიის, ჩეხეთის, იტალიის, შვედეთის, აზერბაიჯანის, დანიის, ავსტრიის, იაპონიის, საბერძნეთის, შვეიცარიის, ბალტიის ქვეყნების, რუმინეთის, ბრაზილიის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები.
პროექტი განხორციელდება საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის ორგანიზებით. პროგრამას ხელმძღვანელობს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო მამალაშვილი.
დრო: 4 დეკემბერი, 12:00 საათი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, მეოთხე კორპუსი, კოსტავას 77ა, საკონფერენციო დარბაზი #519